
„ბენტლიმ“ თავისი შარშანდელი გაყიდვების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 10 120 ავტომობილია გაყიდული, ეს კი კომპანიის არსებობის 95 წლის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, ერთი წლით ადრე, ბრიტანულმა კომპანიამ 8 510 ავტომობილი გაჰყიდა, რაც ასევე რეკორდი იყო. ამგვარად, „ბენტლის“ წილი ლუქს სეგმენტში სამი პროცენტით, 25 პროცენტამდე გაიზარდა, რაც მას ამ სეგმენტის (რომელიც გლობალური მასშტაბით 6 პროცენტით შემცირდა) უპირობო ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს. არადა, კომპანიის საწარმოო პროგრამაში მხოლოდ სამი ძირითადი მოდელი შედის.